ტატიშვილი: უყურადღებობის გამო, იძულებული ვარ გამოვიდე ამერიკის სახელით • ტაბულა

ტატიშვილი: უყურადღებობის გამო, იძულებული ვარ გამოვიდე ამერიკის სახელით • ტაბულა.

სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. თავის ერთ ერთ ინტერვიუში ოთარ ჭილაძე ამბობს:

საბერძნეთში იმ სპორტსმენს, რომელიც ომიანობის დროს  მახვილით არ იბრძოდა საბერძნეთისთვის, ოლიმპიადაში  მონაწილეობის უფლებას არ აძლევდნენ. ჩვენმა სპორცმენმა კი, ადვილი შესაძლებელია, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე, სხვა ქვეყნის სახელით მიიღოს მონაწილეობა ოლიმპიადაში, რაკი მის დაცემულ სამშობლოს მისი შენახვა და უზრუნველყოფა არ შეუძლია.

 

კარგი იქნება თუ ამერიკაში მის წასვლაზე ბოდიში ჩვენი მოსახდელი არ იქნება.  ისეთი ამბით მიუცია ახალგაზრდას ინტერვიუ რომ მეჩვენება უნდა ბოდიში მოვუხადოთ ასე რომ მოუწია.

 

მთლიანი პუბლიკაცია.

 

ოთარ ჭილაძე

დავიწყოთ თავიდან…

(საერთო პასუხი გაზეთ `კავკასიონის~ კორესპონდენტის შეკითხვებზე)

რუსეთთან დამოკიდებულების ქართული ტრადიციული კონცეფცია რომ უნდა გადაისინჯოს, ეს თქვენი ერთადერთი, მაგრამ საკმაოდ ღრმა და სერიოზული შეკითხვიდანაც აშკარად ჩანს. სხვა რომ არაფერი ვიცოდეთ ამ უაღრესად მტკივნეულ საკითხთან დაკავშირებით, თქვენს მიერ ჩამოთვლილი არგუმენტებიც საკმარისზე მეტია, რათა უყოყმანოდ ვირწმუნოთ, რომ `რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ შეიცვლის თავის ტრადიციულ პოზიციას საქართველოსთან მიმართებაში~, რომ უკვე დროა (თუ დაგვიანებული არ არის), `რეალურ ფაქტად ვაღიაროთ ეს~ და, შესაბამისად, რუსეთთან დამოკიდებულების ჩვენი ტრადიციული კონცეფციაც გადავსინჯოთ, ოღონდ თავიდანვე უნდა ვაღიარო, ჩემთვისაც ძნელი დასადგენია, თუ რა მიმართულებით უნდა მოხდეს ეს გადასინჯვა. ძნელი დასადგენია, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, `ქართული ტრადიციული კონცეფციაც~ რომ არ არის ნამდვილად ჩვენი, ნამდვილად ქართული კონცეფცია. უფრო ნათლად და უფრო გულახდილად თუ ვიტყვით, ორასი წლის მანძილზე საქართველოში საერთოდ არ გატარებულა ქართული პოლიტიკა, ანუ ნებისმიერი პოლიტიკა, ნებისმიერი გარეშე ძალის მიერ გატარებული, თავისი ბუნებითა და მოწოდებით ანტიქართული გახლდათ, რის შედეგადაც, უპირველეს ყოვლისა, ქართულად აზროვნებას გადავეჩვიეთ ყველანი, რაც თავისთავად, დამოუკიდებლად აზროვნების დაქვეითებასაც ნიშნავს. ასე რომ, დროთა განმავლობაში, არათუ სხვათა ნაფიქრალს ვასაღებდით ჩვენად, არამედ დაფიქრებისაც გვეშინოდა სხვათა ზურგს უკან. არადა სხვისგან, გინდაც დამპყრობლისგან, რამის სწავლა კი არ არის სამარცხვინო, არამედ ბრმად, შეუმოწმებლად, გაუთვითცნობიერებლად გათავისება იმისა, რაც, ყველა სხვა უბედურებასთან ერთად, მაინცდამაინც შენი ეროვნული თვითშეგნების და, თუ გნებავთ, სენი არსებობის წინააღმდეგაა მიმართული.
ქართველი ადამიანის ქართველობას, უპირველეს ყოვლისა, მისი ენა და ფსიქიკა განსაზღვრავს. შეიძლება წარმოშობით ქართველი იყო და უფრო მეტი ზიანი მოუტანო საქართველოს, ვიდრე გადამთიელი მოუტანდა; თუკი დაგავიწყდა ანდა დაგავიწყეს ქართულად აზროვნება. ქართულად აზროვნება ჯერ სამშობლოსთვის და მერე საკუთარი თავისთვის ცხოვრებას ნიშნავს. ქართულად აზროვნება პირველ რიგში ჩვენს ეროვნულ თვითშეგნებას აღვივებს, რის გარეშეც ადამიანი ალბათ ვერ ჩაითვლება სრულყოფილ არსებად. დიდ ხალხებად ყოველთვის ის ხალხები ითვლებოდნენ მხოლოდ, რომლებსაც სხვებზე მეტად ჰქონდათ განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა სამშობლოს მიმართ. მაგალითად, საბერძნეთში იმ სპორტსმენს, რომელიც ომიანობის დროს მახვილით არ იბრძოდა საბერძნეთისთვის, ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლებას არ აძლევდნენ. ჩვენმა სპორტსმენმა კი, ადვილი შესაძლებელია, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე სხვა ქვეყნის სახელით მიიღოს მონაწილეობა ოლიმპიადაში, რაკი მის დაცემულ სამშობლოს მისი შენახვა და უზრუნველყოფა არ შეუძლია. ეს, რასაკვირველია, ცხოვრების სიდუხჭირის ბრალია, მაგრამ ასევე ჩვენი ფსიქიკური გადაგვარების კანონზომიერი შედეგიცაა. ასევე ჩვენი ფსიქიკური გადაგვარების შედეგია ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ხალხისათვის ყოვლად შეუფერებელი მასშტაბები დღევანდელი ქართული ემიგრაციისა. გადასარჩენად კი არ გავრბივართ, სამშობლოს მტრებს კი არ გავურბივართ იძულებით, არამედ უკეთესი ეკონომიკური პირობების მოსაპოვებლად მივისწრაფით ალალბედზე და არც გვაინტერესებს, ვინ ამოავსებს ჩვენს დანატოვარ სიცარიელეს, თანაც დღეს, როცა ათასი და ათასი უცხო თესლი დაუფარავი მოუთმენლობით, უტეხი ჟინითა და სიჯიუტით მოისწრაფის მაინცდამაინც აქ, ამ დანგრეულ, გაპარტახებულ და კანონიერი პატრონისგან უგულებელყოფილ ქვეყანაში დასამკვიდრებლად.
და აი, თავისთავად მივადექით ქართული ფსიქიკის გადაგვარების, ჩემი აზრით, ყველაზე შთამბეჭდავსა და შემაშფოთებელ მაგალითს _ ქართველების მასობრივ მიგრაციას, ნებაყოფლობით აყრას მშობლიური მიწიდან, გნებავთ, სამარცხვინო გაქცევას მარადიული ბრძოლის ველიდან. დიახ, საქართველო მარადიული ბრძოლის ველია და ამ მიწაზე, ამ ცის ქვეშ სიცოცხლის ყოველი წუთი აუწყავი სისხლი ჯდება. ჯერ კიდევ ძნელი სათქმელია, როდის და როგორ დამთავრდება ეს ბრძოლა: ბოლოს და ბოლოს ან ყველანი ავიყრებით და საქართველოს მართლა უქართველებოდ დავაგდებთ, როგორც მტერსა აქვს ჩაფიქრებული, ან გონს მოვეგებით და, რაკი სხვა იარაღი არ გაგვაჩნია, ხეებივით გავიდგამთ ფესვს მშობლიურ მიწაში.
მართლაც, ჩვენში რომ ვთქვათ, რა აზრი აქვს ჩვენს ლაპარაკს, თუკი სხვის სიმღერებს ვიმღერებთ და სხვის დუდუკზე ვიცეკვებთ, თუკი ჩვენი შვილები უცხო ქვეყნებში აიდგამენ ფეხსა და ენას, თუკი ჩვენი კულტურის მსახურები სხვათა კულტურებს მიეტმასნებიან და ჩვენი სპორტსმენები სხვათა განსადიდებლად დაღვრიან ოფლს სხვათა მოედნებსა და ფიცარნაგებზე (სხვათა შორის, ბევრს არ განუდიდებია საბერძნეთი ისე, როგორც ჩვენმა თანამემამულემ განადიდა უკანასკნელ ოლიმპიადაზე). მაგრამ თავად ქართველი ხალხის გამტყუნება მაინც ძნელია, მით უფრო რომ, დღეს ყველა პირობა არსებობს, მე ვიტყოდი, ყველა პირობაა შეგნებულად შექმნილი, სწორედ სამშობლოს გარეთ ვეძებოთ ხსნა და გამოსავალი. ამიტომაც გავრბივართ უკანმოუხედავად: ვინ _ ვითომ გასანათლებლად, ვინ _ ვითომ სამოღვაწეოდ, ვინ კი, როგორც ერთი ჩვენი გაზეთი წერდა უსამართლოდ და უპასუხისმგებლოდ, ადგილობრივი, ესე იგი, ქართული საზოგადოების უკულტურობის გამო. თუმცა, თავის დასაიმედებლად, ისიც უნდა ითქვას, რომ დღესაც, ისე როგორც ოციან წლებში, ძირითადად `ერისტოვები~ მიდიან ემიგრაციაში და არა `ერისთავები~. ესე იგი, ისინი, ვინც სამშობლოშივე მოასწრეს გადაგვარება. მაგრამ ვაი, რომ, ისინიც ჩვენი სისხლნი და ხორცნი არიან, ისინიც მარტო ჩვენ გვაკლდებიან და სხვას არავის ემატებიან. რაც მთავარია, ისინიც მსხვერპლნი არიან თუნდაც საკუთარი უვიცობისა და უნებისყოფობისა. დამნაშავე სხვაგან არის საძებარი. უფრო სწორად, დამნაშავეს ძებნა არ სჭირდება. დამნაშავეა, ვინც ჩვენს `ქართულ ტრადიციულ კონცეფციებს~ ამუშავებს და მერე ყველანაირად გვაიძულებს ვიცხოვროთ ამ კონცეფციების შესაბამისად. ამდენს, შეიძლება, ჩვენც მივხვდით უკვე (ამას ადასტურებს თქვენი შეკითხვაც, ანუ, ახლებურად დასმა ტრადიციული შეკითხვისა), მაგრამ ძნელია, მტკივნეულია ამის აღიარება. სხვანაირად რომ ვთქვათ, ძნელია ხელის ერთი მოსმით ორასწლიანი ტრადიციის უარყოფა და ახლებურად (ძველებურად) აზროვნება _ აზროვნება ქართულად, აზროვნება საქართველოსათვის, რაც, როგორც უკვე ვთქვით, ჯერ სამშობლოსათვის ზრუნვას ნიშნავს და მერე საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრს.
ჩვენი ამქვეყნიური არსებობა გადაჩვევისა და შეჩვევის განუწყვეტელი მონაცვლეობაა. ადამიანის და, აქედან გამომდინარე, ხალხის ბუნებას, თავისთავადობას მისივე ჩვევები და ჩვეულებები განაპირობებს. ამიტომაცაა, ნებისმიერი მტერი სწორედ ჩვენს ადათ-წესებს რომ უპირისპირდება. ამ თვალსაზრისით, ბოლო სამოცდაათი წელიწადი ყველაზე სამწუხარო აღმოჩნდა ჩვენთვის: ფართოდ გავუღეთ კარი ყველა ამქვეყნიურ სენსა და მანკიერებას, საკუთარს სხვისი ვამჯობინეთ, ანუ, `ჩვენიანად~ ვაღიარეთ ყველა გადამთიელი და მასიურად შევიყვანეთ შვილები რუსულ სკოლებში, გუთნისდედა საყდრის გლახად ვაქციეთ, მეცხვარეს კომბალი გამოვართვით და ბარში ჩამოვასახლეთ იაფ მუშახელად, მევენახეს ვაზი გავაჩეხინეთ და ბაზარში მივუჩინეთ ადგილი… მოკლედ, ბევრ რამეს გადავეჩვიეთ და ბევრ რამეს მივეჩვიეთ. ხოლო გადაჩვევა ისევე ძნელია, როგორც მიჩვევა. ჩვენივე ნათქვამია: მიჩვეულს ნუ გადააჩვევ და გადაჩვეულს ნუ მიაჩვევო. ორივე ერთნაირი ბოროტებაა. ამჟამად და კიდევ ერთხელ ჩვენც ამ ბოროტების წინაშე ვდგავართ და თუკი როგორმე არ გადავეჩვევით ქვეშევრდომულად აზროვნებას და არ მივეჩვევით დამოუკიდებლად, ანუ, ქართულად აზროვნებას, ხვალ შეიძლება უიმედოდ დაგვაგვიანდეს.
Dდღესაც, ოფიციალურად თავისუფალსა და დემოკრატიულ საქართველოში, ბევრს არათუ აღიზიანებს, არც უკვირს გაუთავებელი კამათი საერთაშორისო უნივერსიტეტის თაობაზე, რომელიც თურქული ორიენტაციისა იქნება, ინგლისურისა თუ ფრანგულისა, მაინც ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეუწყობს ხელს ჩვენი ახალი ეროვნული კონცეფციის ჩამოყალიბებას. სამაგიეროდ, ჩვენი `ტრადიციული პარტნიორი~ ისევ თავის სასარგებლოდ გამოიყენებს ამასაც. ასევე არ გვიკვირს (პირიქით, დიდ მიღწევად მიგვაჩნია თითქოს ასე არ იყო გუშინაც), საქართველოში რუსული რადიოს დაარსება. ჩემი აზრით, ქართულ რადიოს უცხოეთისთვის, რასაკვირველია, რუსულენოვანი გადაცემებიც უნდა ჰქონდეს (როცა ეკონომიკურად მოღონიერდება საამისოდ), მაგრამ არა საქართველოს მოსახლეობისათვის და არა ოცდაოთხსაათიანი ყოველდღიურად, რამდენადაც ნებისმიერ ქვეყანაში, საქართველო იქნება ის თუ საბერძნეთი, ორენოვნება ყოვლად დაუშვებელია, თუკი კონსტიტუციის ნებით ქვეყნის ძირითადი მოსახლეობის ენაა გამოცხადებული სახელმწიფო ენად. ამდენად, ამ ქვეყნებში სხვა ენაზე სწავლა, რადიორეპორტაჟებისა თუ ტელეგადაცემების მომზადება, უპირველეს ყოვლისა, კონსტიტუციის, როგორც ქვეყნის ძირითადი კანონის უგულებელყოფაა. კონსტიტუცია არამარტო ხალხის ნების გამოხატულებაა, არამედ იმავე ხალხის შესაძლებლობების განმსაზღვრელიცაა. სხვანაირად თუ ვიტყვით, ხალხი არამარტო იღებს კონსტიტუციას, რაც ასე თუ ისე, კიდევ დასაშვებია ჩვენს დღეში მყოფი ხალხისთვის, არამედ ავრცელებს და იცავს მას კუთვნილ ტერიტორიაზე, რაც, პირდაპირ რომ ვთქვათ, ჩვენს დღევანდელ შესაძლებლობებს აღემატება. კონსტიტუცია ეჭვსა და შეშფოთებას კი არ უნდა ბადებდეს ვინმეს გულში, ბუნებრივი სიამაყითა და სიმშვიდით ავსებდეს ყველას ერთნაირად. ამას იმიტომ ვამბობ, ჯერ კიდევ საკონსტიტუციო კომისიის შექმნამდე რომ გვიკარნახა რუსეთის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თუ როგორ უნდა მოგვეწყო დამოუკიდებელი საქართველო ადმინისტრაციულად. კაცმა რომ თქვას, დასაეჭვებელი და შემაშფოთებელი მართლაც ბევრია, როცა საერთოდ აზროვნებას თუ არა, სახელმწიფოებრივად აზროვნებას ნამდვილად გადაჩვეულნი ვართ ყველანი., იმ უბრალო მიზეზის გამო, ასეთები რომ ვჭირდებოდით იმპერიის მესვეურებს და ასეთებადაც ჩამოგვაყალიბეს იმპერიის იდეოლოგიურ ლაბორატორიაში, ანუ სწორედ იმას დავუპირისპირდებით ხოლმე, რასაც უნდა ვიცავდეთ, და იმას ვიცავთ, რასაც მთელი არსებით, მთელი შეგნებით უნდა ვუპირისპირდებოდეთ.
როგორც უკვე ვთქვით, კონსტიტუცია ხალხის ნებაა. მაგრამ ჯერ ხალხი უნდა იყოს მზად თავისი ნების გამოსახატავად. ესე იგი, არამარტო მოწადინებული, არამედ უფლებამოსილიც. არც თავად უნდა აჩქარდეს ზედმეტად, არც სხვამ უნდა შეაყოვნოს შეგნებულად. ყველაფერს თავისი დრო აქვს. სიმართლეს თვალს თუ გავუსწორებთ, ჯერ კიდევ შორი გზაა გასავლელი ჩვენს საბოლოო მიზნამდე. ჩვენი კუთვნილი (დღემდე მოღწეული) ტერიტორიის თითქმის მესამედი აქამდე ოკუპირებულია და უცხო ძალის `დახმარების~ გარეშე შინაური საქმეებიც ვერ მოგვიგვარებია ჩვენი ინტერესების შესაბამისად. ზამთარში ბინა ვერ გაგვითბია, ზაფხულში ნაგავი ვერ გაგვიტანია ბინიდან. `რუსეთთან მიმართებაში ტრადიციული კონცეფციის~ გადასინჯვას ვაპირებთ და მოსკოველობა დიდ პატივად მიგვაჩნია. ვინ იცის, რანაირ დამცირებას ვიტანთ, ოღონდ ფეხის მოსაკიდებელი ადგილი მოგვცენ იქ. მაგრამ აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ მწერლები, პოლიტიკოსებთან შედარებით, გაცილებით ახლომხედველნი და გაცილებით მშიშრებიც ვართ: ხანდახან ბუზი აქლემად გვეჩვენება. რაც მთავარია, ჩვენი მოსაზრებები უმალ მორალური ხასიათისაა, ვიდრე პოლიტიკური. ასე რომ, ადვილი შესაძლებელია, პოლიტიკურ სამყაროში ისე არ წვიმდეს, როგორც ქუხს, მაგრამ როცა ვერ აგიხსნია, ლამის ადამის ჟამიდან, რატომ ხდება ყოველთვის ისე, როგორც არ უნდა ხდებოდეს, როგორც მხოლოდ შენი ქვეყნისთვისაა საზიანო, ვალდებული ხარ სხვებსაც გადასდო შენი შიში. ყოველ შემთხვევაში, შეუდარებლად ნაკლებად სახიფათოა ბუზი გვეჩვენებოდეს აქლემად, ვიდრე მგელი _ ბაჭიად.
მწერალს არც პოლიტიკური პროგნოზირების პრეტენზია გააჩნია, მაგრამ როგორც რიგითი მოქალაქე, ისიც ვალდებულია, ცხოვრობდეს თავისი ქვეყნის ცხოვრებით, მისი წარსულით, აწმყოთი და მომავლით. ასე რომ, თავს ბედნიერად ჩავთვლი, თუკი ჩემი შიში მხოლოდ მწერლური შიში აღმოჩნდება ბოლოს. ოღონდ თავი რომ არ მოვიტყუოთ, სჯობს ახლავე ვთქვათ, ჩვენი დღევანდელი კითხვა-პასუხი ვერავითარ ზეგავლენას ვერ მოახდენს პოლიტიკურ პროცესებზე. მაგრამ ესეც იმის დადასტურებაა, ჯერ კიდევ რომ ვარსებობთ, ჯერ კიდევ რომ გვახსოვს, ჯერ კიდევ რომ გვსურს და ჯერ კიდევ რომ გვეიმედება რაღაცა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორია ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებისთვის, მით უფრო ხალხისთვის, რომელიც სახელმწიფოებრიობის აღდგენას ცდილობს (თუკი მართლა ცდილობს!). აქედან გამომდინარე, მხოლოდ ის ხელისუფლება იქნება ნამდვილად ეროვნული ხელისუფლება, რომელიც ხელს შეუწყობს ამ ცდის განხორციელებასა და ამ ოცნების აღსრულებას და, რაც მთავარია, ქართველ ხალხს ეროვნულ სიამაყესა და ღირსების გრძნობას დაუბრუნებს. ჩვენ ისე უცნაურად უიღბლო ხალხი ვართ, ემიგრანტობაზე ფიქრიც დანაშაულად გვეთვლება, განსაკუთრებით _ ხალხის მოაზროვნე ნაწილს. შეიძლება კალატოზი მართლა ვერ დაავალდებულო, გასამრჯელოს გარეშე მაინცდამაინც შენს სამშობლოში ამოაშენე ჩამონგრეული კედელიო, მაგრამ მწერლებმა, ხელოვნების მუშაკებმა თუ მეცნიერებმა სწორედ სამშობლოს ნანგრევებში უნდა მოიყარონ თავი, რათა მათ შემყურე ხალხმა მკვდრეთით აღდგომის შესაძლებლობა ირწმუნოს. ამიტომ, ვინც უკვე გაქცეულია, ისიც უნდა დაბრუნდეს უკან, თუკი მართლა ვაპირებთ ძველი კონცეფციების გადასინჯვას. ჯერ ჩვენი ამოცანა გადარჩენაა. უცხოენოვანი რადიოების შექმნისა თუ საერთაშორისო უნივერსიტეტების გახსნის დრო თავისთავად მოვა. ყმაწვილებს გასანათლებლად დავით აღმაშენებელი აგზავნიდა უცხოეთში და არა თეიმურაზ პირველი, რომელმაც თვითონაც არ იცოდა, რა წამს მოუწევდა სამშობლოდან გადხვეწა. ჩვენც ჩვენს უიღბლო მეფესავით, ჯერჯერობით, სულ უბედურების მოლოდინში უნდა ვიყოთ, არ უნდა დავიჯეროთ სხვისი `ტკბილი ნანინა~, რადგან ვისაც ჩვენი ბედნიერება ეკითხება, იმას, რატომღაც, საერთოდ ჩვენი არსებობა მიაჩნია პირადი კეთილდღეობის ხელყოფად. ჩვენც ამ მიმართულებით უნდა გადავსინჯოთ ჩვენი ქართული ტრადიციული კონცეფციები, ანუ დავიწყოთ თავიდან, ანუ გავარკვიოთ, რას გვავალდებულებს ქართველობა, გვინდა თუ არა, ვიყოთ ქართველები, გვაქვს თუ არა პასუხისმგებლობის გრძნობა სამშობლოს მიმართ. თუ ჩვენც იმ ხალხების რიგში ვდგავართ უკვე, ვისაც ეს გრძნობა მტრის სივერაგითა თუ საკუთარი ბედოვლათობის გამო გაუნელდა, გადაუგვარდა და დროთა განმავლობაში ან საერთოდ აღიგავა პირისაგან მიწისა, ანდა სამუდამოდ ჩარჩა მონობის წუმპეში.
1996 წ.

 

 

ტატიშვილი: უყურადღებობის გამო, იძულებული ვარ გამოვიდე ამერიკის სახელით • ტაბულა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s